თქვენი პატარა დაინტერესებულია მუსიკით? მიდის ფორტეპიანოსთან და ათამაშებს თითებს? ან უსმენს სხვადასხვა კომპოზიტორებს და ცდილობს აჰყვეს ხელების ქნევით და ფეხების ბაკუნით? ან სულაც უკრავს ქვაბებზე კოვზებით და ჯოხებით?
ალბათ მიხვდით რომ მას აქვს მუსიკისადმი ინტერესი, რომელიც შესაძლოა დარჩეს ცხოვრების ბოლომდე ან მხოლოდ რაღაც ეტაპამდე. ეს წინასწარ არავინ იცის, მაგრამ მუსიკისადმი ინტერესის ხელისშეწყობა შესაძლებელია, თუმცა ამ დროს აუცილებელია სწორი მიდგომა და ურთიერთბა პატარებთან, რათა არ გადავიდეს მუსიკა რუტინულ პროცესად და ერთფეროვანი სახე არ მიიღოს ადრეულ ასაკში.
მოდით ძალიან მოკლედ გავიაროთ ეს თემა
ბევრჯერ გვსმენია: “ისე უყვარდა მუსიკა, უკრავდა აწყობდა, მივიყვანეთ “N” ადგილას და მალევე გაუქრა ინტერესი.
ან “თავისთვის უკრავს, მღერის, აწყობს, მაგრამ როგორც კი ვთხოვთ, ეგრევე იკეტება”
ან “როგორც კი რთული ნაწარმოების დაკვრაზე გადავიდა, მალევე დაკარგა ინტერესი და აღარ გააგრძელა მუსიკა”
რა დათვლის მაგალითებს, რომელიც შესაძლოა არ ყოფილიყო სწორი მიდგომით ან დროული ჩარევით, შესაძლოა მაინც ვერ აგვეცდინა, მაგრამ გვეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ვცადეთ რათა ინტერესი შეგვენარჩუნებინა.
ხანდახან ჯობს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის “განსაკუთრებულ ინტერესს”, რადგან როგორც წესი, როდესაც ყურადღება ეცევა მის “ჩვეულებრივ” საქციელს და ხდება აღტაცების საგანი, ბავშვის დამოკიდებულებაც იცვლება ამ ინტერესის მიმართ.
ხანდახან კი შევნიშნავთ თუ არა ნიჭს ან კარგ სმენას, ეგრევე მიგვყავს საუკეთესო პედაგოგთან მუსიკის გაკვეთილზე, რომელიც ხშირად თავიდანვე მომთხოვნიცაა და ამ ყველაფერში იკარგება ბავშვის სიამოვნება, ინტერესი, რადგან ყველა ბავშვის ფსიქიკა და რესურსი ვერ უძლებს სწრაფად შემოსულ სიახლეებს მის თავს, სიმკაცრეს, მოთხოვნებს და ხშირად სხვა ბავშვებთან შედარებებს.
დავფირქრდეთ, რა გვინდა ჩვენ, ვიამაყოთ ახლა, ამ მომენტში, ბავშვის საოცარი მონაცემებით და ამ საოცარი ბავშვის მშობლობით თუ ჩუმად, ნელნელა ეს ინტერესი უფრო დიდ რამედ ვუქციოთ, თამაშ-თამაშ და პედაგოგის სწორი მიდგომის დახმარებით?
თუ მეორე, მაშინ ეს შედარებით გრძელვადიანი პროცესია, თუმცა არც აქ არ არის გარანტია რომ ცხოვრების ბოლომდე ეს ინტერესი გაჰყვება, მაგრამ მინიმუმ იმას მივცემთ პატარას, რომ ინტერესს გავცდეთ და შეძლოს მუსიკის შეფასება, იყოს კარგი მსმენელი და ჰქონდეს კარგი მუსიკალური გემოვნება, რაც ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც გამოადგება.
მთავარი რჩევა კი ისაა, რომ ადრეულ ასაკში მოძებნეთ ისეთი სპეციალისტი, რომელიც უბრალოდ შეაყვარებს მუსიკას, შეუძღვება მუსიკალურ სამყაროში თამაშით და უკან დგომით, საინტერესო ისტორიებით, სადაც დასრულდება შეხვედრა კარგ ნოტაზე, ანუ იქამდე, სანამ ბავშვს მობეზრდება პროცესი, და ეს დრო ნელნელა გაიზრდება, შესაძლებლობის მიხედვით.
მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ დაუკრავს თუ არა, იმღერებს თუ არა, ის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება პედაგოგისთვის.
და მთავარი: არც ერთ პედაგოგს არ შეუძლია გაზარდოს ყველა თავისი მოსწავლე ვირტუოზად, თუმცა თითზე ჩამოსათვლელ პედაგოგს ნამდვილად შეუძლია ყველა მოსწავლე აღზარდოს კარგ მსმენელად, მუსიკოსად და კარგ ადამიანად.
გვახსოვდეს ეს ყველაფერი, როდესაც ადრეულ ასაკში გადავწყვიტავთ პედაგოგის შერჩევას.
ავტორი: თაკო ჟორდანია, მუსიკათერაპევტი, კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი.